საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დაადგინა. შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის “ 2018 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა და განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 385 893 ლარი/დღეზე. აღსანიშნავია, რომ თბოსადგურების ტარიფების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დოლართან მიმართებით ტარიფის დადგენის დღეს არსებული ლარის გაცვლითი კურსი, რომელმაც 19 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონაცემით 2.55 თეთრი შეადგინა.