„გარდაბნის თბოსადგური“ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტად რჩება

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის, საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საპარტნიორო ფონდისა და კომპანია CALIK ENERJI-ს მუშაობის შედეგად აშენდა, უკვე ხუთი წელია წარმატებით ოპერირებს.
თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2015 წლის 7 აგვისტოს შევიდა. ,,გარდაბნის თბოსადგურს” ამოქმედებიდან ხუთი წლის თავზეც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებული როლი აკისრია და როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყარო, მუდმივ მზადყოფნაში იმყოფება.
მის მიერ გადამცემ ქსელში გაცემული ელექტრო ენერგიის სრულმა რაოდენობამ, ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან, 5,643,000,000 კვტ/სთ შეადგინა, რაც 5 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობის 10 %-ია. თბოსადგურის ტექნიკური მონაცემები საშუალებას იძლევა იყოს მოქნილი ელექტრო სისტემის მოთხოვნების მიმართ დროის მინიმალურად მოკლე მონაკვეთში.
„გარდაბნის თბოსადგურმა“, „Swiss Rating Asociation”-ის არაერთი ჯილდო მიიღო და დაარსებიდან დღემდე „დარგის ლიდერ“ საწარმოდ ზედიზედ ხუთჯერ დასახელდა.
დღეისათვის თბოელექტროსადგურში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 250-მდე პროფესიონალია დასაქმებული. დასაქმებულების მიმართ შრომის წესების უსაფრთხოების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„გარდაბნის თბოსადგური“, როგორც დარგის უცვლელი ლიდერი, ოპერირებას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს და კვლავ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტად რჩება.
07.08.2020