შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ეწვია და თბოელქტროსადგურში მიმდინარე გეგმიურ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. გაიმართა სამუშაო შეხვედრა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოების და სამომავლოდ სადგურის ერთწლიან ოპერირებასა და მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, თბოელექტროსადგურში გეგმიური სარემონტო სამუშაოების წარმოება 1 ივლისს დაიწყო. მიმდინარე წლის სარემონტო სამუშაოების ძირითადი მიმართულებაა ორი აირტურბინის კაპიტალური გეგმიური შეკეთება, რაც აირტურბინების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით 24,000 საათიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ ესაჭიროება. აღსანიშნავია, რომ აირტურბინების მიმდინარე რემონტის ფარგლებში ხორციელდება ძირითადი დეტალების ჩანაცვლება გაუმჯობესებული დეტალებით, რაც გულისხმობს მუშა რესურსის 32,000 საათამდე გაზრდას. მიმდინარეობს ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის სამუშაოები. ასევე, გეგმიური სარემონტო სამუშაოები ორთქლის ტურბინის, გაგრილების სისტემის, ქიმიური წყალგამწმენდი მეურნეობისა და სატუმბი სადგურების მიმართულებით. ხორციელდება სადგურის მართვის სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალური რევიზია და ხარვეზების აღმოფხვრა. სარემონტო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2020 წლის 4 სექტემბრამდე.