ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე

10 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, გარდაბნის თბოელექტროსადგურს ესტუმრა. მინისტრმა ენერგეტიკოსის პროფესიული დღე მიულოცა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე პირებს, ვეტერან ენერგეტიკოსებს და დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, თბოელექტროსადგურში კაპიტალური სარემონტო სამუშაოების წარმოება წარმატებით დასრულდა. მიმდინარე წლის სარემონტო სამუშაოების შედეგად განხორციელდა აირტურბინების გეგმიური კაპიტალური შეკეთება. რემონტის ფარგლებში ძირითადი დეტალები ჩანაცვლდა გაუმჯობესებული დეტალებით. აირტურბინების ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით სადგურს 24,000 საათიანი სამუშაო პერიოდი განესაზღვრებოდა, ხოლო აღნიშნული კაპიტალური რემონტის ფარგლებში გაზოტურბინების მუშა რესურსი 32,000 საათამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სადგური იქნება ექსპლუატაციისთვის გამართულ მდგომარეობაში.